დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თეთრი სახლი: რუსეთი აშშ-სგან წერილობით პასუხს მიიღებს, NATO-ს გაფართოებაზე პოზიცია არ იცვლება

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თანახმად, რუსეთის ქმედებების მიმართ შეშფოთებას აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად წერილობით წარადგენს, NATO-ს გაფართოების იდეის შეცვლა არ იგეგმება, თუმცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ გუნდთან ამ საკითხზე მსჯელობას მომავალ დღეებში გააგრძელებს.

ფსაკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ერთად რამდენიმე სამომავლო ნაბიჯის გადადგმა განიხილება, თუმცა, უკრაინელი ხალხის სუვერენულ უფლებაზე, დაწერონ საკუთარი მომავალი, ვაჭრობა არ იქნება.

"სხვა მოკავშირეებთან ერთად ჩვენ წერილობით წარვადგენთ სერიოზულ შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე იდეებს, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ერთმანეთის უსაფრთხოების განცდა სამომავლოდ. 

რუსეთთან ერთად განვიხილავთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელთა გადადგმაც შეიძლება გამჭვირვალობის გასაზრდელად, რისკების შესამცირებლად, იარაღის წარმოების გასაკონტროლებლად და ნდობის გასაზრდელად.

როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ არის გარკვეული საკითხები და ფუნდამენტური პრინციპები, რომელთა დაცვის მიმართ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთგულები ვართ, მათ შორისაა ის, რომ უკრაინელი ხალხის სუვერენული უფლებაა, თავად დაწერონ საკუთარი მომავალი. ამ საკითხზე ვაჭრობას ადგილი არ ექნება.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ გარკვეული წინადადებები სიცოცხლისუნარიანი არ იქნება ." - თქვა ჯენ ფსაკიმ.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები