მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები, გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდებულებთან შეთანხმებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნო და გირაოს შუამდგემლობა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. 

დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაო ერთი თვის განმავლობაში უნდა გადაიხადონ. 

ბრალდებულებმა სასამართლო უკვე დატოვეს, მათ კომენატარი არ გაუკეთებიათ. 


მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 28 სექტემბერს, რძის პროდუქტებით დატვირთული სატვირთოთი შემოვიდა, რომელიც ელგუჯა ცომაიას ეკუთვნის. მათივე ცნობით, ცომაიამ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების შემდეგ  სააკაშვილი ჯერ აბაშაში, საკუთარ სახლში წაიყვანა, შემდეგ  კი თბილისში - ასევე საკუთარ სახლში დააბინავა.    

ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას 4 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.  

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს

10 დეკემბერს, ამავე საქმეზე ბრალი კიდევ ერთ პირს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს წარედგინა. პროკურატურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა იცოდა მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ და მას საქართველოში უკანონოდ შემოსვლის დაგეგმვაში ეხმარებოდა.

კომენტარები