ოპერატორის გარდაცვალება

კობახიძე UNESCO-ზე: ლაშქარავაზე კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა, წყარო ვინაა, მოგეხსენებათ

"კლასიკური Fake News-ის შემთხვევაა, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას". - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე UNESCO-ს მიერ ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანაზე. 

"სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც ხვდება ხოლმე ასეთი ტიპის Fake News-ები და წყარო ვინ არის, თავადაც კარგად მოგეხსენება". - ამბობს კობახიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში.  

7 იანვარს UNESCO-მ ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა - თარიღად ორგანიზაციამ 2021 წლის 5 ივლისი მიუთითა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა გაავრცელა, რომელიც, უწყების ცნობით, ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს, თუმცა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა. 

"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)" - წერია დოკუმენტში.  

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.    


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა.

კომენტარები