ოპერატორის გარდაცვალება

შსს: ლაშქარავა აფთიაქში იყო, შემდეგ ფონიჭალაში, სახლში, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, გარდაცვალების წინა დღეს, ერთ-ერთ აფთიაქში იმყოფებოდა, შემდეგ იგი ფონიჭალის დასახლების მიმართულებით გადაადგილდებოდა, შემდეგ დედაენის ბაღში, დაახლოებით, 00:10 საათზე კი საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა. 

"ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება დედაენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარლამენტთან გამართული აქციის ორგანიზატორები პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობისა და სუს-ის ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქცია ხვალ 11 ივლისს, 18:00 საათზე ისევ გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები