ოპერატორის გარდაცვალება

წერეთელი: ჩვენს დაქირავებულ ექსპერტს ექსპერტიზის დასრულებაზე და ხელმოწერაზე არ უცნობებია

ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი წერს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ტელეკომპანიამ დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა, თუმცა გეჯაძეს მათთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა, არ უცნობებია. 

"ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!

დასკვნას ხელი მოეწერა 30'ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან. ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.

ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ "დასკვნა" სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა". - წერს ვატო წერეთელი. 

UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის დღეს, 7 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ავრცელებს, რომელიც, უწყების ცნობით, ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს, თუმცა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა. 

"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)" - წერია დოკუმენტში.  

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.    


TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა.

 

კომენტარები