ოპერატორის გარდაცვალება

ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთვის ნარკოტიკის მიყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფ.ა-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფ.ა-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი – 2 გრ. ქუჩის ჰეროინი, ე.წ. სირეცი რომელიც 0.9256 გრ. ჰეროინს შეიცავდა, ფ.ა-მ 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში 500 ლარის სანაცვლოდ ადგილზე შეკრებილ ა.ლ-ს, ნ.ნ-ს, ი.ნ-ს, ლ.ე-ს, ტ. კ-ს, ე.მ-ს, ლ.ჯ-ს და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირს გადასცა. დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე მისსავე საცხოვრებელ სახლში". – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფ.ა სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „"ა" ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

1987 წელს დაბადებული ფ.ა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა.

კომენტარები