ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო, მას ავსტრალიიდან გაძევება ემუქრება

Skysport.com

სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სასამართლო დავა წააგო, ის ავსტრალიის ხელისუფლების მიერ ვიზის გაუქმებას ასაჩივრებდა.

ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ჩოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ 14 იანვარს გაუუქმეს. ავსტრალიის მთავრობის მიხედვით, ის ქვეყნის ჯანდაცვისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჯოკოვიჩის ადვოკატები გადაწყვეტილებას არარაციონალურს უწოდებდნენ და ის გაასაჩივრეს. დავის წაგების შემთხვევაში ჯოკოვიჩს ქვეყნიდან გაძევება და ახალი ვიზის მიღებაზე სამწლიანი აკრძალვა ემუქრებოდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ვიზა პირველად 6 იანვარს გაუუქმეს. ქვეყანაში ის ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. სასაზღვრო პოლიციის თანახმად, ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა საკმარისი საბუთი, რომ აუცრელს გამონაკლისის სახით ქვეყანაში შესვლის ნებართვა ჰქონდა. სპორტსმენმა რამდენიმე დღე საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გაატარა.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო. თუმცა 14 იანვარს ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰავკმა ჯოკოვიჩს ვიზა ხელმეორედ გაუუქმა. ავსტრალიის საიმიგრაციო კანონმდებლობით ჰავკს უფლება აქვს, დაადეპორტოს პირი, რომელიც მისი აზრით, "ავსტრალიის საზოგადოების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და წესრიგს" საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ ვიზის ხელმეორედ გაუქმებდამდე სერბმა ჩოგბურთელმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

კომენტარები