ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიამ ვიზა ხელმეორედ გაუუქმა

Skysport.com

ავსტრალიამ სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო ვიზა ხელმეორედ გაუუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰავკის გადაწყვეტილების შედეგად ცნობილ ჩოგბურთელს ქვეყნიდან დეპორტაციის საფრთხე ემუქრება. 

თუმცა, ჯოკოვიჩს ქვეყანაში დასარჩენად კვლავ შეუძლია კიდევ ერთი სასამართლო დავის დაწყება. 

6 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში ჩასულ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო.

სერბმა ჩოგბურთელმა ასევე დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

კომენტარები