ნოვაკ ჯოკოვიჩი

ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ კოვიდინფიცირებულმა იზოლაციის წესები დაარღვია

ნოვაკ ჯოკოვიჩი
GETTY IMAGES

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაადასტურა, რომ გასულ თვეს Covid-19-ის დადასტურების შემდეგ იზოლაციის წესები დაარღვია. Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯოკოვიჩი წერს, რომ 16 დეკემბერს Covid-19-ის დადასტურებიდან ორ დღეში ჟურნალისტს ინტერვიუსთვის შეხვდა.

ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ რამდენიმე სწრაფმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და PCR-ტესტით კორონავირუსის დადასტურებამდე რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო. PCR-ტესტის პასუხის შემდეგ ყველა შეხვედრა გააუქმა, გარდა ინტერვიუსი. ჯოკოვიჩის თქმით, ახლა ფიქრობს, რომ სწორი იქნებოდა, ინტერვიუ გადაედო.

"ჩავთვალე, რომ ვალდებული ვიყავი,  L'Equipe-ისთვის ინტერვიუ მიმეცა, ჟურნალისტის იმედის გაცრუება არ მინდოდა. ინტერვიუს დროს სოციალურ დისტანციას ვიცავდი და ნიღაბს ვატარებდი" - წერს ჯოკოვიჩი.

ჯოკოვიჩის თქმით, ცნობები, რომ ის PCR-ის დადებითი პასუხის შემდეგ საჯარო ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას, მცდარია.

ჩოგბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ავსტრალიაში შესვლამდე სამოგზაურო ფორმის შევსებისას მისმა აგენტმა შეცდომა დაუშვა. მისი თქმით, აგენტმა სამოგზაურო ფორმაში შეცდომით ჩაწერა, რომ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში ჩასვლამდე 14 დღის ვადაში სხვაგან არ უმოგზაურია. ავსტრალიაში ჩასვლამდე ის ჯერ სერბეთში, შემდეგ კი ესპანეთში იყო.

6 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ქვეყანაში ჩასულ ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო სასაზღვრო პოლიციამ ვიზა გაუუქმა და ქვეყანაში არ შეუშვა. ჩოგბურთელი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში გადაიყვანეს.

ჯოკოვიჩმა სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სასამართლო დავაში გაიმარჯვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაზღვრის გადაწყვეტილება ვიზის გაუქმებაზე არაგონივრული იყო.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის სლემის მოქმედი ჩემპიონია, სულ ჩოგბურთელს 9 Australian Open-ის ტიტული აქვს მოპოვებული. ბოლოს სერბმა ვირტუოზმა US Open-ის ფინალში ითამაშა და რუს მეტოქესთან დანილ მედვედევთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

კომენტარები