NATO-რუსეთი

ესტონეთი, ლატვია და ლიტვა NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდას განიხილავენ

REUTERS/Ints Kalnins

ესტონეთი, ლატვია და ლიტვა NATO-სთან მათ ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდას განიხილავენ. ამის შესახებ ესტონეთის პრემირმინისტრი კაია კალასი Reuters-ს ესაუბრა.

"რა თქმა უნდა, მოკავშირეებთან განვიხილავთ რუსეთის შეკავებისთვის [NATO-ს] კონტინგენტის გაზრდას. რუკას თუ შეხედავთ, ბალტიის ქვეყნები NATO-ს ნახევარკუნძულია. ამიტომ ვღელავთ." – თქვა კალასმა

Reuters-ი წერს, რომ ანონიმურ საუბარში NATO-ს ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, ბალტიის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტის გაზრდა შეიძლება თებერვლის შუა რიცხვებში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილოს.

ამჟამად ბალტიის თითოეულ ქვეყანაში NATO-ს 1 000 სამხედროა განთავსებული. კალასის თქმით, შესაძლებელია არსებული კონტინგენტის გაზრდა. ესტონეთის პრემიერმინისტრის თქმით, დასავლეთს უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული დიალოგი მოსკოვთან, მაგრამ ასევე უნდა უთხრას კრემლს, რომ თუ მოხდება უკრაინაში მდგომარეობის ესკალაცია, დიდი ფასი იქნება გადასახდელი.

"ვფიქრობ არ უნდა გავებათ იმის განხილვის ხაფანგში, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, იმიტომ რომ დასავლეთს არასწორად არაფერი გაუკეთებია. დასავლეთს არ შეუქმნია სამხედრო ჯგუფები რუსეთზე თავდასხმისთვის." – თქვა კალასმა.

გუშინ, 12 იანვარს ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სამიტი გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO მზადაა რუსეთთან დეტალური დისკუსიისთვის, რათა შემუშავდეს კონკრეტული წინადადებები და მიღწეული იყოს კონსტრუქციული შედეგები. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა რა შეთავაზებები აქვს ალიანსს რუსეთთან და რა საკითხებითაა დაინტერესებული. ეს საკითხები მოიცავს მეტ გამჭვირვალობას სამხედრო წვრთნებზე, შეიარაღების კონტროლის, განიარაღების, ბირთვული პოლიტიკის გადახედვას და რაკეტების განთავსებაზე ორმხრივი შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ წამოაყენა დეკემბერში გამოქვეყნებული მოთხოვნები, მათ შორის გარანტიების მიღების სურვილი, რომ NATO აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და ალიანსის წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტი შემცირდება.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები