აშშ-საქართველო

"საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: ძალა ერთობაშია!" – კელი დეგნანის მიმართვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბოლო კვირის განმავლობაში მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს ეხმაურება და მიმართვას ავრცელებს. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკებები საქართველოს გარეშე არ წარიმართება, აშშ კი კვლავც ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან. მიმართვას სრულად გთავაზობთ:

"ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირება.

ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე:

  • ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე.
  • ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: "ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე".
  • ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია.

ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.

  • ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დაკმაყოფილდება.

რატომ არის მაღალი დონის დიპლომატია აუცილებელი? რადგან კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთს უნდა მიეცეს უფლება, დაამყაროს გავლენის ექსკლუზიური სფერო მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შეუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ამ კვირის მაღალი დონის დიპლომატია ჟენევაში რუს კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ამას მოჰყვება შეხვედრები ნატოში, ბრიუსელი და ეუთოში, ვენა. ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე.

ქართველები რუსეთს ძალიან კარგად იცნობენ. თქვენ იცით, როგორ ატრიალებს კრემლი სიმართლეს და ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს რა ხალხის დაბნევასა და გაყოფას. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს დაანგრია საქართველოს რესპუბლიკა, შეურაცხყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და სცადა ქართული ენის ჩახშობა. ქართველებმა იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რათა, როგორც ძლიერ დემოკრატიას, შეგძლებოდათ თქვენი მომავლის არჩევა. ამ არჩევანის მხარდაჭერით შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს.

თქვენ ყოველდღიურად განიცდით რუსულ აგრესიას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და დეზინფორმაციის მუდმივი შემოტევის სახით. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის საქართველო. ეს კი, უბრალოდ, ბოლოდროინდელი მცდელობაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ძალიან ბევრი იშრომა და დიდი მსხვერპლი გაიღო ამ 80-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ ნატოსა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის წყალობით. საქართველო იყო და არის ძლიერი პარტნიორი ამ ძალისხმევაში და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კონსულტაციებს ამ გზის ყოველ ნაბიჯზე.

მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: "ძალა ერთობაშია!" – თქვა ელჩმა დეგნანმა.

10 იანვარს აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაინასთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. დაკავშირებით. ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ს მხარე ამბობს, რომ მიუღებელია.


11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები