საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის ყველა რეგიონში ვითარება სტაბილურია – პრეზიდენტის პრესსამსახური

ყასიმ-ჟომართ თოყაევი
akorda.kz

ყაზახეთის ყველა რეგიონში მდგომარეობა სტაბილურია და ოპერატიულ გარემოზე კონტროლია დამყარებული. ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყაზახეთის ოპერატიული შტაბის სხდომაზე განიხილეს. ინფორმაცია პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

"აღინიშნა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი ოპერატიულ გარემოზე, სამართალდამცველმა ორგანეობმა გაათავისუფლეს ყველა ამ დრომდე დაკავებული ადმინისტრაციული შენობა, აღდგენილია კომუნალური მომსახურების ობიექტების და სასიცოცხლოდ საჭირო სისტემების მუშაობა." – ნათქვამია პრეზიდენტის საიტზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სხდომაზე თოყაევს მოახსენეს, რომ შეიარაღებული ძალები იღებენ ზომებს ქვეყანაში წესრიგის აღდგენისთვის და უზრუნველყოფენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვას. ОДКБ-ის მისიის სამხედრო ძალები იცავენ სტრატეგიული ობიექტების გარკვეულ რაოდენობას. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღძრულია სისხლის სამართლის 125 საქმე, დაკავებულია დაახლოებით 5 800 ადამიანი, მათ შორის არიან უცხოელებიც.

პრეზიდენტმა თოყაევმა აღნიშნა, რომ ძალოვანი სტრუქტურები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას საზოგადოებრივი წესრიგის სრული აღდგენისთვის.


ყაზახეთში საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში 2 იანვარს დაიწყო. პროტესტის თავდაპირველი მიზეზი საწვავის ფასის გაძვირება გახდა, თუმცა მალევე აქციებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღეს. აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციების ფონზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულები არიან როგორც სამართალდამცველები, ასევე დემონსტრანტები. მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედროებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ.

მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო. თოყაევი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ინფორმაციას უარყოფს მისი პრესსპიკერი.

თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან გამკლავებისთვის დახამრება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ). ОДКБ-მ ყაზახეთში სამხედრო ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში სამხედროების შეყვანა პირველმა რუსეთმა დაიწყო. ОДКБ-ს მისიის ფარგლებში დასრულდა ყაზახეთში სომეხი სამხედროების გადაყვანაც.

Reuters-თან საუბარში ყაზახმა დისიდენტმა, ბანკირმა, პოლიტიკური პარტიის – ყაზახეთის დემოკრატიული არჩევნის ლიდერმა და ყაზახეთის ენერგეტიკის ყოფილმა მიინისტრმა, მუხთარ აბლიაზოვმა თავს ოპოზიციის ლიდერი უწოდა და დასავლეთს დახმარებისკენ მოუწოდა.

კომენტარები