საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ლუკაშენკო ყაზახ მომიტინგეებს: იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ, ახლა დაიჩოქეთ და პატიება ითხოვეთ

ალექსანდრ ლუკაშენკო
ფოტო: reuters.com

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახ მომიტინგეებს ურჩევს სამხედროებს ბოდიში მოუხადონ და მთავრობასთან მოლაპარაკებები დაიწყონ. 

"მე მათ ვეტყვი: იყვირეთ, იხმაურეთ და გეყოთ! ახლა მოლაპარაკებების დროა, სანამ შორს წასულხართ. უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ და სამხედროებს პატიება სთხოვოთ, რადგან ის ბზარი ამოავსოთ, რომელიც გაჩნდა. უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პრეზიდენტთან, ის განათლებული, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და ადამიანია".- თქვა ლუკაშენკომ. 

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათიში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მთავრობა გადადგა, პრეზიდენტიყასიმ-ჟომართ თოყაევი კი დემონსტრანტებს ცვლილებებს დაჰპირდა, თუმცა ამისდა მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა.

ქალაქ ალმათიში დემონსტრანტებმა დაიკავეს მერიის შენობა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია მთელ ქვეყანაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი განცხადებით, ის გაუძღვება ყაზახეთის უშიშროების საბჭოს. ეს პოზიცია სამუდამო ვადით ებარა ყაზახეთის პირველ პრეზიდენტსა და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას, ნურსულთან ნაზარბაევს.

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო. რია ნოვოსტი წერს, რომ ყაზახეთში რუსული ნაწილის გაგზავნა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით მიმდინარეობს. 

ასევე, ყირგიზეთი მზადაა ყაზახეთს დაეხმაროს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა აკილბეკ ჟაპაროვმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ყირგიზეთი მზადაა შეასრულოს თავისი ვალდებულება, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრმა ქვეყანამ. 

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ (ОДКБ) ყაზახეთში ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სიტუაციასთან გამკლავებისთვის დახმარება  სთხოვა.

ყაზახეთის პოლიციის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ შენობებზე კონტროლის მოპოვებისას სამართალდამცველებმა ათეულობით მომიტინგე მოკლეს. ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

 

კომენტარები