საპროტესტო აქციები ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ ალმათში დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

ყაზახეთში მთავრობის გადადგომის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქ ალმათში, სადაც განსაკუთრებით დაძაბული ვითარება იყო, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი დაიწყეს. შენობას ცეცხლი უკიდია და კვამლშია დაფარული. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციები ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც გრძელდება.

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ხელყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის დაკავება მაინც შეძლეს. შეტაკებების შედეგად დაშავებულია 100-ზე მეტი პოლიციელი.

პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების ფარგლებში, დედაქალაქში 23:00 საათიდან 07:00 საათამდე კომენდანტის საათი იქნება გამოცხადებული. გარდა ამისა, ნურ-სულთანში შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება და აიკრძალება მასობრივი შეკრებები. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის კიდევ რამდენიმე რეგიონში იმოქმედებს.


ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მიიღო.

თოყაევმა პრემიერმინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ალიხან სმაილოვი დანიშნა. მინისტრთა კაბინეტის ამჟამინდელი წევრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელებენ.

საპროტესტო აქციები მანგისთაუს ოლქში საწვავის ფასის გაძვირების გამო 2 იანვარს დაიწყო. პირველ იანვარს ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 50-60 ტენგედან 120 ტენგემდე გაიზარდა. რეგიონში საწვავად ძირითადად თხევად გაზსს იყენებენ.

მოგვინებით აქციები გაიმართა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც, მათ შორის, აქთაუში, ალმათში და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. საწვავის ფასების დაწევის მოთხოვნას მალევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დაემატა. რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები