კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩემი აზრით, საქართველოში ომიკრონის შემთხვევები დადასტურებულზე 3-ჯერ მეტია

2 იანვრის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის 144 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შტამით ინფიცირებულებისგან 4 მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს. 

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა. 

როგორც ამირან გამყრელიძემ გამოცემასთან თქვა, კლინიკაში გადაყვანილებს თანმხლები დაავადებები აქვთ და მათი ჰოსპიტალიზაცია ინფექციის სიმძიმეს არ გამოუწვევია. 

"ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ. აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 – უცხო ქვეყნის. მათგან 70% სრულადაა ვაქცინირებული". – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციითვე, ქვეყანაში ომიკრონის ცირკულაცია თანდათანობით იმატებს და დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით 3-ჯერ მეტია. 

"144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორ ან სამ შემთხვევაში დასტურდებოდა ომიკრონი, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR-ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, ცირკულაცია 144 შემთხვევაზე 3-ჯერ მეტია". – ამბობს ამირან გამყრელიძე. 


2 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში Covid-19-ზე ჩატარდა 13 441 ტესტი, საიდანაც დადასტურდა ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 291 ინფიცირებული. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.92%-ია, ბოლო 14 დღის - 5.49%, ბოლო 7 დღის - 5.67%.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 937 640 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გარდაიცვალა 13 905 და გამოჯანმრთელდა 900 159 მოქალაქე.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა. 31 დეკემბერსა და 1 იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცათ.

კომენტარები