ღამის კლუბები

31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს მუშაობის უფლება მისცეს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ღამის კლუბების სტუმრების შეზღუდული რაოდენობით მუშაობის უფლება მიეცემათ.  

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა

"რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ". - წერია განცხადებაში.  

25 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი MTKVARZE დალუქა. 24 დეკემბერს ინსპექცია მივიდა კლუბ BASSIANI-ის დასალუქადაც, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც კლუბებისადმი უსამართლო დამოკიდებულებას აპროტესტებენ, უწყებას იქ შესვლის საშუალება არ მისცეს. შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა.

23 დეკემბერს თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ "ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად" გააგრძელებენ მუშაობას კორონავირუსის "მინიმუმამდე გავრცელების მექანიზმით". მათივე თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმების მიზნით, მთავრობა საკლუბო სივრცეების მეიჯარეებს მოსთხოვეს, რომ თავად მეიჯარეებმა არ დაუშვან კლუბების გახსნა.

17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბებში ღონისძიებებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ ღონისძიებების ჩატარება ნებადართული არაა. საქართველოს კლუბების ასოციაციის განცხადებით, 17-18 დეკემბრის ღონისძიებები სწორედ შრომის ინსპექციის სამსახურთან შეთანხმების შედეგად დაიგეგმა. მიუხედავად ინსპექციის ამ განცხადებისა, ღონისძიებები მაინც ჩატარდა, თუმცა, 18 დეკემბერს, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 18 დეკემბერს დაგეგმილი წვეულებები ერთი კვირით გადადებულიყო და ამას "ბოლო კომპრომისი" უწოდეს. 

19 დეკემბერს შრომის ინსპექციამ განაცხადა, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება შესაძლო რისკების, მათ შორის, შტამ ომიკრონის გავრცელების სწრაფი შესაძლებლობისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების განსაზღვრის შემდეგ იქნება მიღებული.

კომენტარები