Covid-პასპორტი

როგორ მივიღოთ Covid-პასპორტი, რომელსაც ევროპაც ცნობს

Covid-პასპორტი

როგორ მივიღოთ Covid-პასპორტი, რომელსაც ევროპაც ცნობს

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან ზუსტად 8 თვის თავზე, ევროკავშირმა ქართული კოვიდ-პასპორტები აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გაცემული სერტიფიკატი მსოფლიოს 49 ქვეყნის ერთიან ბაზას მიუერთდა და მათი სკანერებისთვის "ხილვადი" გახდა.

აქამდე ქართული კოვიდ პასპორტით ევროპის ქვეყნების კაფე-ბარებში, მუზეუმებში თუ სხვა დახურულ დაწესებულებებში "მწვანე სტატუსს" ვერ მიიღებდით. გამოსავალი ერთი იყო - იშვიათ შემთხვევაში სიტყვასა და ამობეჭდილ ფურცელზე დაწერილი ვაქცინის სახელწოდებას ენდობოდნენ, უმრავლეს შემთხვევაში კი - Covid-ტესტის გაკეთებას მოგთხოვდნენ. 

17 ნოემბრიდან გაცემულ ქართულ მწვანე პასპორტებს უკვე ევროკავშირმაც "მწვანე აუნთო". იმისთვის, რომ ევროპის ერთიანი ბაზის სერტიფიკატი მიიღოთ, ორი მარტივი გზა არსებობს

სმარტფონში გადმოწერეთ ქართული აპლიკაცია, რომელიც 17 ნოემბერს გაეშვა:

ამისთვის Play Store-ში ან App Store-ში მოძებნეთ აპლიკაცია Georgia e-health

გაიარეთ რეგისტრაცია - სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადი ნომერი, პაროლი და ტელეფონის ნომერი. ამ უკანასკნელს დადასტურება სჭირდება. ანდროიდის სისტემაზე აპლიკაცია ოთხნიშნა კოდის გამოგზავნის შემდეგ, შესაძლოა, ცოტა ხანს "გაიჭედოს", თუმცა, მოთმინება იქონიეთ...  თუ ვერიფიკაციის კოდი არ მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ აპლიკაცია ჯერ ისევ ხარვეზებით მუშაობს და მოგვიანებით უნდა სცადოთ.

გასათვალისწინებელია, რომ აპლიკაციაში მომხმარებლის რეგისტრაციისას ის ტელეფონის ნომერი მოწმდება, რომელიც მოქალაქემ ვაქცინაციის დაჯავშნის დროს მიუთითა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციაში რეგისტრაცია მომხმარებელმა ჯავშნის დროს მითითებული მობილურის N-სგან განსხვავებული ნომრით სცადა, მაშინ აპლიკაცია მოითხოვს დამატებით ვერიფიკაციას - ვაქცინაციის ჯავშნის კოდი ან მობილურის ნომერი, რომლითაც დაიჯავშნა ვაქცინაცია. 

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, "წესებს და პირობებს" დაეთანხმეთ და სისტემამაც "არ გაჭედა", ხუთნიშნა პასკოდის დაყენების შემდეგ, თქვენ უკვე აპლიკაციაში აღმოჩნდებით, სადაც ასახულია თქვენი Covid-ინფორმაცია - ჩატარებული ვაქცინაცია, სწრაფი/პისიარ ტესტის შედეგი და ინფექციის გადატანის სტატუსი. თუ თქვენ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ - "მწვანე სტატუსი" გაქვთ მონიჭებული, თუ არა - "სტატუსის გარეშე" ხართ. იქვეა ბმული, საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ და ამობეჭდოთ Covid-ბარათი, ზუსტად იმ სახით, როგორითაც იუსტიციის სახლებში გასცემენ.

ამ სახით მიღებული "მწვანე პასპორტის" ტელეფონით ჩვენება საქართველოში პირველი დეკემბრიდან დაგჭირდებათ კვებით ობიექტებში, სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. 

მაგრამ, თუ თქვენ მოგზაურობას აპირებთ და ტელეფონში გინდათ გქონდეთ ევროკავშირის ციფრული კოვიდ-პასპორტი, ამ ვებგვერდით უნდა ისარგებლოთ. აპლიკაციით მიღებული QR კოდის სკანის ან მხოლოდ "სქრინის" ატვირთვის შემდეგ, საიტი ავტომატურად ამუშავებს თქვენს მონაცემებს და ევროკავშირის სერტიფიკატს გაძლევთ.

მასზე სახელი და გვარი ქართულად წერია, თუმცა, ეს არ არის პრობლემა - მთავარი QR კოდია, რომელთანაც ევროკავშირის ბაზა უკვე მეგობრობს. აიფონის მომხმარებლებს მიღებული სერტიფიკატის Wallet-ში დამატება შეუძლიათ, ანდროიდის მომხმარებლები კი, ციფრულ ვერსიას გადმოწერენ და ტელეფონში შეინახავენ. 

ვიზიტი იუსტიციის სახლში

იმ შემთხვევაში თუ თქვენ სმარტფონი არ გაქვთ და არც სხვისი ტელეფონით შეგიძლიათ თქვენი Covid-ბარათის გადმოწერა, მწვანე პასპორტის აღება იუსტიციის სახლში, ცოცხალი რიგით შეგიძლიათ. Covid-ბარათი იმ შემთხვევაშიც უნდა განაახლოთ, თუ თქვენ უკვე აღებული გაქვთ გასული რვა თვის მანძილზე. მიზეზი ის არის, რომ 17 ნოემბრამდე გაცემული სერტიფიკატები არ არის მიერთებული ევროკავშირის ბაზას.

ის, რომ მწვანე ბარათი გაქვთ, არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ წასვლა. გამგზავრებამდე აუცილებლად უნდა შეამოწმოთ, რას ითხოვს დანიშნულების ქვეყანა - მხოლოდ ვაქცინას, ვაქცინის კონკრეტულ წარმოებას (მაგალითად ევროპის ქვეყნების უმეტესობა ჩინურ სინოვაკს და სინოფარმს არ აღიარებს), ვაქცინას + PCR ტესტს თუ არც ერთი პასუხი არ არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები უმეტესწილად გაიხსნა, ჯერ კიდევ არის თუნდაც ევროკავშირში ქვეყნები, რომლებიც საქართველოს თუნდაც სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს არ უშვებენ არააუცილებელი მიზნით - მაგალითად, იტალია და საბერძნეთი. ამიტომ, ვებგვერდზე - provax.ge - საერთაშორისო მოგზაურობის გრაფაში შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას, რომელი ქვეყანა რა პირობით უშვებს საქართველოს მოქალაქეს ქვეყანაში.

კომენტარები