აშშ-საქართველო

რუსეთის რიტორიკა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, უკრაინა – დეგნანი ზალკალიანს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები, ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველო-უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორციელებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა.

"ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მინისტრმა დაადასტურა, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით.

განცხადების თანახმად, შეხვედრისას მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა.


17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

კრემლის ამ პირობებს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ "მხოლოდ უკრაინასა და NATO-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდეგი განვითარების ვექტორი, მათ შორის, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი". 

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს ასევე სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები