NATO-რუსეთი

უკრაინის საგარეო: მხოლოდ ჩვენ და NATO გადავწყვეტთ ალიანსში გაწევრიანების საკითხს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ალიანსში გაწევრიანებს საკითხს უკრაინა და NATO თავად გადაწყვეტენ.

"მხოლოდ უკრაინასა და NATO-ს წევრებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი ურთიერთობების შემდეგი განვითარების ვექტორი, მათ შორის, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი.

იგივე ეხება უკრაინის ექსკლუზიურ სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის განვითარება ორმხრივ დონეზე, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის საკითხში. ხაზს ვუსვამთ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების მთავარი პრობლემა ახლა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიაა, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ესკალაცია უკრაინის საზღვრებთან და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე". – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

უკრაინა მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დღის წესრიგს, უპირველეს ყოვლისა, დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვა და დემილიტარიზაცია.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები