სახელმწიფო ინსპექტირის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორი ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ლონდა თოლორაია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ასუნსიონ სანჩეზ რუისსა და ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის საელჩოების წარმომადგენელს შეხვდა. უწყების ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ ქართული ოცნების მიერ პარლამენტში მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა.

"წარმოუდგენელია სამსახურის ამ მასშტაბის რეფორმა თავად სამსახურის ჩართულობის გარეშე. არ არსებობს ამ ფორმითა და მეთოდების უწყებების დაშლის პრეცედენტი. სამსახურის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება არის ძალიან ცუდი გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის. საქართველოს პარლამენტს არ დაუსვამს არც ერთი კითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა მედიის საშუალებით. მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი სამსახურის გაძლიერების შესახებ, თურმე პარლამენტი კონსპირაციულად წერდა სამსახურის გაუქმების კანონპროექტს. ეს "რეფორმა" არის სამსახურის დასჯა კანონიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებისთვის". – თქვა ლონდა თოლორაიამ შეხვედრაზე.

ინსპექტორის სამსახურის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ პროცესების არაგამჭვირვალედ და დაჩქარებულად წარმართვის შესახებ. ამასთან, აღნიშნეს რომ ქვეყნის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით მნიშვნელოვანია ყველა პროცესი განხორციელდეს დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ფართო განხილვის გზით. უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. მათი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დიპლომატიური კორპუსის ასეთი ფართო შემადგენლობით წარმოდგენა, კიდევ ერთხელ გამოხატავს მათ დიდ მხარდაჭერას სამსახურის მიმართ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მაიკე ვან კოლდამი, პოლონეთის რესპუბლიკის, ელჩი მარიუს მასკიევიჩი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ტანია ჰუტი, საბერძნეთის ელჩის მოადგილე, გიორგოს პაპანიკოლაუ, რუმინეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ისპას დრაგოში, იტალიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლა იორიო, ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი პეეტერ პალსი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები