სახელმწიფო ინსპექტირის სამსახური

მდინარაძე: ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა, ეს ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა იყო

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბიუროს სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორზე ლელოს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტი უნდა დარეგისტრიებულიყო, შეგნებულად არ ჩატარდა. მდინარაძის თქმით, ეს ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური სვლა იყო ოპოზიციის საპასუხოდ.

"ჩვენმა ოპონენტებმა გადაწყვიტეს, პროცედურული მექანიზმების გამოყენებით, მაქსიმალურად გაეწელათ დრო. ჩვენც ამას დავუპირისპირეთ ჩვენი ის მოქმედება, რომ არ მოვახდინეთ ბიუროს სხდომისათვის რაიმე განსაკუთრებული მობილიზება და შეიძლება ითქვას შეგნებულადაც ბიუროს სხდომა ჩავარდა, კვორუმის არარსებობის გამო. ბიურო შეგნებულად არ ჩატარდა. ეს იყო ჩვენი მხრიდან პოლიტიკური სვლა ოპოზიციის საპასუხოდ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დროის გაწელვის გზით შემაფერხებელი ნაბიჯები გადაედფა ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით". – ამბობს მდინარაძე.

პარლამენტში ბიუროს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების დეპუტატები სხდომაზე არ მივიდნენ.

27 დეკემბერს, ბიუროს სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ფრაქცია ლელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს დაარეგისტირებს.

ნაცვლიშვილის თქმით, ლელოს აქვს ქართული ოცნების ინიციატივის ალტერნატიული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის კანონთან და თანმდევ კანონებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა –  რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. 

კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს.

კომენტარები