საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

კანონს მოსამართლეთათვის დისციპლინური სახდელები ემატება – პროექტი დაჩქარებულად განიხილება

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომებისა და სახდელების არსებულ სახეებს დაემატება ახალი დისციპლინური გადაცდომები და სახდელები, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს მოსამართლის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უფრო მეტად პროპორციულად რეაგირებისა და დისციპლინური სახდელის უკეთ მისადაგების შესაძლებლობას. ასევე, შემცირდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები და გაიზრდება შესაბამისი სამართალწარმოების ეფექტიანობა.

პროექტი შეეხება მოსამართლეთა კონკურსში ცვლილებასაც. მაჭარაშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მოსამართლეობის კანდიდატი თუ ვერ მოაგროვებს შესაბამის ხმებს და ვერ გამწესდება თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება, სხვა ვაკანსიაზე განიხილოს ეს კანდიდატურა. ცვლილებით, საბჭოს არანაკლებ 3 წევრს, კანდიდატის თანხმობით, უფლება ექნება განიხილოს ეს კანდიდატი სხვა კონკურსის ფარგლებში, სხვა თანამდებობაზე.

კანონპროექტში შესატან არსებით ცვლილებებს შორისაა მივლინების ვადის საკითხიც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მივლინების ვადა 2 წლამდე იზრდება.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს.

კომენტარები