საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

ომბუდსმენი: მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად ემზადება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაში, რომელიც სასამართლო კანონპროექტის პარლამენტის დამტკიცებამდე გამოქვეყნდა, ომბუდსმენი ამბობს, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად ემზადება.

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

"მთლიანობაში, წარმოდგენილი კანონპროექტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება მისთვის არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი მკვეთრად უარყოფითი შინაარსის მატარებელი კანონპროექტი მმართველი პარტიის დეპუტატების ხელით არის ინიცირებული და დაჩქარებულად განიხილება", – აცხადებს ომბუდსმენი. 

ომბუდსმენის განცხადებაში საუბარია იმ შესაძლო პრობლემებზე, რომლებიც, შესაძლოა, კანონის ცვლილების მიერ იქნას გამოწვეული. განცხადების მიხედვით:

  •  უკიდურესად იოლდება საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისათვის;
  • მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში;
  • ოთხჯერ იზრდება მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები, უქმდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში, მათთვის მიუღებელი კოლეგების წინააღმდეგ;
  • ოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური იყოს;
  •  მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა;
  •  კიდევ უფრო არაგამჭვირვალე ხდება მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისათვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით;
  •  დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი წარიმართება დაჩქარებულ ვადებში, რამაც შესაძლოა შეასუსტოს გამჭვირვალობა.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, მათ დამტკიცებამდე, გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. მისი თქმით, პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს და მეტ ინკლუზიურობას საჭიროებს. ევროკავშირის შეფასებით, სასამართლოებზე კანონპროექტი შეშფოთებას იწვევს ხელისუფლების ვალდებულებებთან დაკავშირებით. კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც - ისინი პარლამენტს განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ

კომენტარები