საერთო სასამართლოების შესახებ კანონი

NGO-ები: სასამართლოების შესახებ კანონპროექტი შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ შეჩერებისკენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შემაშფოთებლად მიიჩნევს პარლამენტის მიერ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას. კოალიციის წევრები სამწუხაროდ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროცესი, წარსული გამოცდილების მსგავსად, წინასაახალწლო პერიოდში, საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს. 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატება პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას.განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დისპოზიცია და ახალი სახდელის სახეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემოთავაზებული რეგულაციები კონკრეტული მოსამართლეების დასჯასა და სისტემაში განსხვავებული აზრის სრულად გაქრობას ისახავს მიზნად. 

"ამასთან, ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილება და კვორუმის შემცირება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი სიტუაციით იქნა განპირობებული. კერძოდ, უკანასკნელი 6 თვეა, პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 არამოსამართლე წევრს არ ირჩევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა ათივე მოქმედი წევრის მხარდაჭერა. ხშირად ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე (მაგ. წევრის აცილება მოსამართლესთან კავშირის გამო) კვორუმის შეკრება შეუძლებელია. მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების დასანიშნად აუცილებელია კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ვინაიდან სახელისუფლებო გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს. შესაბამისად, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ინიციირება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი წარმართონ, ასევე ისინი კიდევ ერთხელ ღიად უწყობენ ხელს სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გაძლიერებას". – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია ხაზს უსვამს, რომ წლებია სასამართლო სისტემის კრიტიკისას მთავარი აქცენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კორპორატივიზმისა და კლანურობის პრაქტიკაზე კეთდება, ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი და იმავე პირების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების ცალსახა შემთხვევებიც უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იმ მცირერიცხოვან პოზიტიურ საკანონმდებლო ჩანაწერებში შედიოდა, რომელიც ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან არიდებას ისახავდა მიზნად.

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს:

  1. შეაჩეროს ინიციირებული კანონპროექტის განხილვა;
  2. შექმნას კონსენსუსზე და საზოგადოების  ფართო მონაწილეობაზე ორიენტირებული ფორმატი, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროების შესასწავლად და შესაბამისი ცვლილებების მოსამზადებლად.

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციირებული ცვლილებები, მათ შორის, ითვალისწინებს მოსამართლეებისთვის დისციპლინური გადაცდომისა და სახდელის სახეების დამატებას, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კვორუმის შემცირებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის არჩევის აკრძალვის გაუქმებას.

კომენტარები