დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კინზინგერი: უკრაინაზე რუსული საფრთხის გამო, საქართველოს სამხედრო დახმარება გასაორმაგებელია

რესპუბლიკელი კონგრესმენი და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი
saukvalley

ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის თქმით, უკრაინისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაუორმაგოს. ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

"ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან კარგი და ნათელი შეხვედრა გვქონდა. უკრაინაზე რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ მათ [საქართველოს] უნდა გავუორმაგოთ ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერ ოკუპირებულია", – წერს კინზინგერი.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები