პოლიტიკური კრიზისი

ვოლსკი საკრებულოებზე: ბიუჯეტი თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს ქართულმა ოცნებამ?

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში მომხარ დაპირისპირებასა და 2017 წლის მოწვევის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, მმართველმა პარტიამ შეუძლებელია ბიუჯეტი საკუთარ თავზე მოირგოს. მისივე შეფასებით, ოპოზიციის ბრალდებები ქაოსის შექმნას და, შედეგად, “პოლიტიკური დივიდენდების” მიღებას ემსახურება. 

"არაპროფესიონალურია ასე შეფასება, რას ჰქვია?! ბიუჯეტი თავის თავზე როგორ უნდა მოირგოს, გინდ ქართულმა ოცნებამ, გინდ ნებისმიერმა სხვამ? არსებობს პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს კონკრეტული რეგიონისთვის. თუ რამე ისეთი არსებობს, რომელიც მოსახლეობას არ გამოადგება, ამისთვის ჰყავს საკრებულოში უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია ამ საკითხების შესახებ იმსჯელოს, მაგრამ მსჯელობის პროცესში არ უნდათ შემოსვლა. მათ ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღება უნდათ. არ მტკიცდება ბიუჯეტი, იქმნება ქაოსი და პრობლემები. რეალურად, ეს პრობლემები აისახება საზოგადოებაზე, რომელიც შემდგომ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას. აი, ამ ქაოსში და ჯახებში შეიძლება რამე პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ - ეს არის გეგმა”. - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები