პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ლელოს მიერ ბოიკოტის შეწყვეტაზე: სრულიად არალოგიკურია, აბსოლუტურად გაუგებარია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტია ლელოს მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს სრულიად არალოგიკურსა და გაუგებარს უწოდებს. მისივე აზრით, პოლიტიკის მიმართ მოქალაქეთა იმედგაცრუება ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის არათანმიმდევრული ქცევითაა გამოწვეული.

"საერთაშორისო ყურადღებისთვის ქვეყნის შიგნით მკაფიო ვითარების გასარკვევად, ჩემი აზრით, განცხადებები, რომელებიც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან მოვისმინეთ, რომ ახლა ჩვენ გადავდივართ ახალ ბრძოლაზე და საპარლამენტო ბოიკოტს ვწყვეტთო, სრულიად არალოგიკურია. ლელოს ბოლო განცხადებაზე ვამბობ. აბსოლუტურად გაუგებარია. ეს, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, ოღონდ, აი, რა აბნევს ამომრჩეველს – არ შეიძლება, ერთი მხრივ, იყო რაღაც ერთობაში, სადაც ამბობ, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგა საერთოდ, ბოლომდე ვიბრძოლებთ და შემდეგ იმ შეთანხმების შედეგად, რომლის წინააღმდეგიც ვიყავით და ახლაც ვინარჩუნებ ამ პოზიციას, სადაც შედეგი არ დადგა არცერთ საკითხში, უბრალოდ ამბობდე, რომ ახლა დამთავრდა ბრძოლის ეს ეტაპი, წარმატებას მივაღწიეთ და პარლამენტში დაბრუნდე. და მერე? იმედგაცრუება პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების ნაწილს აქვთ ხოლმე, როცა ხედავენ, რომ ჯამში ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქცევა არათანმიმდევრულად და პატივს არ სცემს მათ". – თქვა გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

ფრაქცია ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ლელომ საპარლამენტო საქმიანობა 2 ნოემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკების გამო შეწყვიტა.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები