მე-10 მოწვევის პარლამენტი

ანა ნაცვლიშვილი: ლელო საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

საქართველოს პარლამენტი

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა IPN-სთან ისაუბრა. 

ნაცვლიშვილის განმარტებით, ლელოს ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა მანამ, სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს "ადეკვატულ სამკურნალო დაწესებულებაში" არ გადაიყვანდნენ. 

"პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში. მათ შორის, პროპორციული არჩევნების მიღწევის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რაც არასაკმარისი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე".- ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

მისივე თქმით,  ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ოპოზიციას საპარლამენტო დღის წესრიგი არ გააჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

"ქუჩის პროტესტი ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი, საჭირო და ადეკვატური იქნება ქუჩის პროტესტი, ესეც არის ლეგიტიმური კანონიერი ფორმა პოლიტიკურ მუშაობაში, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი, იმის მიხედვით რომელი იქნება ადეკვატური და ეფექტიანი".- ამბობს ნაცვლიშვილი. 

ბოიკოტის შეწყვეტა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ დაანონსა.

ლელომ საპარლამენტო საქმიანობა 2 ნოემბერს პროტესტის ნიშნად შეწყვიტა. 


 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა და სხვა მოშიმშილეებმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

 

 

კომენტარები