დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბლინკენი: ლუკაშენკოს ქმედებებს უკრაინის საზღვარზე რუსეთის მოქმედებიდან ყურადღება გადააქვს

ენტონი ბლინკენი
AP

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისა და უკრაინა-რუსეთის საზღვართან დაძაბულობაზე ისაუბრეს. სახელმწიფო მდივანმა პოლონეთს კრიზისში მხარდაჭერა დაუდასტურა.

"ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები უსაფრთხოებას ემუქრება, განხეთქილებას იწვევს და მიზნად ისახავს, უკრაინის საზღვართან რუსეთის აქტივობიდან ყურადღების გადატანას." – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბლინკენმა და რაუმ დაგმეს მიგარნეტების იარაღად გამოყენება და ლუკაშენკოს მოუწოდეს დასავლეთის სანქციების მიზეზებზე, ბელარუსი ხალხის უფლებების დარღვევებზე ემუშავა. სახელმწიფო მდივანმა ასევე მადლობა უთხრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის.

"აშშ, პოლონეთი და სხვა მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანნი არიან რეგიონში სამხედრო აგრესიისა და დამაზიანებელი მოქმედებებისთვის რუსეთს მნიშვნელოვანი ფასი გადაახდევინონ." – ნათქვამია განცხადებაში.


ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე ათასობით მიგრანტია გაჩერებული. ისინი ძირითადად ერაყიდან, სირიიდან და იემენიდან არიან და ევროკავშირში მოხვედრა სურთ. სასაზღვრო ზონაში ბანაკებში ათასობით ადამიანი სიცივესა და რთულ პირობებშია გაჩერებული. ბელარუსის თანახმად, მიგრანტების ბანაკში 2 000 ადამიანია, ხოლო პოლონური მხარის მიხედვით ეს რიცხვი უფრო დიდი და 3 000- 4 000 ადამიანამდე მერყეობს.

შაბათს, 13 ნოემბერს პოლონეთმა ბელარუსი სამხედროები მიგრანტების გასატარებლად მავთულხლართების გაჭრაში დაადანაშაულა. პოლონეთის პოლიციის თანახმად, იმავე რაიონში, საზღვრის ახლოს ტყეში მათ ახალგაზრდა სირიელი კაცის ცხედარი იპოვეს. ბოლო თვეების განმავლობაში პოლონურ მხარეს სამართალდამცველებმა სულ მცირე 8 გარდაცვლილი იპოვეს.

ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების საზღვარზე მიგრანტების კრიზისი 2021 წლის გაზაფხულზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ბელარუსი შეწყვეტს მიგრანტების ნაკადის შეჩერებას, რომლებსაც ევროკავშირში მოხვედრა უნდათ.

პარალელურად დაძაბულობაა უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი სამხედროა განლაგებული. პრეზიდენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია კიევს დასავლურმა სახელმწიფოებმა მიაწოდეს. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებამ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის შიში გააჩინა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია.

კომენტარები