დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

WP: რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ჯარის გადაადგილება განაახლა, დასავლეთი შეშფოთებულია

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში, 2014 წელი

ამერიკული გამოცემის, Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა კვლავ დაიწყეს უკრაინის საზღვრებთან თავმოყრა, რამაც გამოიწვია ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების შეშფოთება. მათ მიაჩნიათ, რომ შემჩნეული გადაადგილებები უჩვეულოა. 

ოფიციალური პირები, რომლებიც Washington Post-ს ანონიმურად ესაუბრებოდნენ, ამბობენ, რომ ამ გადაადგილებებმა ხელახლა გააღვიძა უკრაინასთან დაკავშირებული ის შიშები, რაც ამ წლის აპრილში არსებობდა, როდესაც რუსეთი სამხედრო შენაერთები უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სამხედრო წვრთნაც ჩაატარეს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდ-ნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცა, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს რუსული ეშელონებისა და სამხედრო მანქანების კოლონების გადაადგილება. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადააქვთ სამხედრო დანადგარები და აღჭურვილობა, მათ შორის ტანკები და სარაკეტო დანადგარები. ეს ტექნიკა, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრების მიმართულებით, რუსეთის დასავლეთ რეგიონებში გადაჰქონდათ. გავრცელებული ვიდეოკადრები 27 ოქტომბრით თარიღდება.

"მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ვარჯიშები არაა. ეს წვრთნებს არ გავს. რაღაც ხდება", – ამბობს Washington Post-თან ვირჯინიაში მყოფი რუსეთის მიმართულებაზე მომუშავე ანალიტიკური ჯგუფის, CNA-ს დირექტორი, მაიკლ კოფმანი. 

დასავლეთში საეჭვო გადაადგილებები მას შემდეგ შეამჩნიეს, რაც რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ზაპად 2021 (დასავლეთი 2021) დაახლოებით ორი კვირის წინ დასრულდა.

კოფმანის თქმით, ხელოვნური თანამგზავრის მიერ გადაღებულ სურათებში ჩანს, რომ ამ წვრთნების შემდეგ რუსეთის 41-ე გაერთიანებული არმია არ დაბრუნებულა საკუთარი ჩვეული დისლოკაციის ადგილზე, რომელიც ციმბირში, ნოვოსიბირსკში მდებარეობს. თუმცა ჩანს, რომ ისინი უკრაინის საზღვართან მყოფ დანარჩენ შენაერთებს შეუერთდნენ. ასევე, კოფმანმა დაამატა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში უნდა ჩანდეს რუსეთის 1-ელი გვარდიული სატანკო არმია, რომელიც მოსკოვის შემოგარენში განლაგებული ელიტური დანაყოფია. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზაპად 2021-ის ვარჯიშების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს მყოფ საწვრთნელ პოლიგონებზე დატოვა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე კონტროლისა და კომუნიკაციის ცენტრები. 

დანილოვის გამოთვლებით, უკრაინის საზღვრებთან განლაგებული რუსი სამხედროების რიცხვი 80 000-90 000-მდე იქნება. ამ რაოდენობაში არ ითვლება ყირიმში განლაგებული ათიათასობით რუსი სამხედრო. 

რამდენიმე თვის წინ, როდესაც უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროები გროვდებოდნენ და დასავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შიში არსებობდა, საბოლოოდ რუსული შენაერთების ნაწილის მიერ რეგიონის დატოვებით დასრულდა. 

"ვფირობ, უკან უნდა წახვიდეთ და ბოლო წელს ისტორიულად შეხედოთ და თუ ამას იზამთ, მიხვდებით, რომ, როგორც ჩანს, რუსეთის ტონი და გზავნილები უკრაინის მიმართ დრამატულად არის შეცვლილი", – ამბობს კოფმანი.

"ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ისტორიული ტერიტორიები და იქ მცხოვრები ჩვენთან ახლოს მყოფი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ იქნან გამოყენებული და ვინც ამას ეცდება, ვეტყვი, რომ ამ გზით საკუთარ ქვეყანას გაანადგურებენ", – წერდა პუტინი ამ წლის ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში. 

ოქტომბერში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ შესაძლოა უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ვერასდროს გახდეს შესაძლებელი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო გაფართოება უკვე მიმდინარეობს, რაც, მისი თქმით, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კი, 11 ოქტომბერს, უკრაინას "ვასალური სახელმწიფო" უწოდა, რომელიც "პირდაპირი უცხოური კონტროლის ქვეშაა". 

აქამდე, რუსეთის ახლო მოკავშირემ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალეკსანდრ ლუკაშენკომ შეერთებული შტატები დაადანაშაულა, რომ ისინი უკრაინაში სავარჯიშო ცენტრების სახით, NATO-ს შენიღბულ ბაზებს ქმნიდნენ. 

აშშ უკვე რამდენიმე წელია რაც უკრაინელ სამხედროებს წვრთნის. ამას გარდა ვაშინგტონმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები, რომელიც ჯერჯერობით ფრონტის ხაზზე არ გამოუყენებიათ. 

ოქტომბერში უკრაინას ეწვია აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, რომელმაც რუსეთს უკრაინაში მშვიდობის წინაღობა უწოდა და თქვა, რომ კიევის გადაწყვეტილებას NATO-ში ინტეგრაციაზე ალიანსის არაწევრი ქვეყანა ვეტოს ვერ დაადებდა. მისი სიტყვები დაგმო ვლადიმირ პუტინმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კი გასულ კვირაში უკრაინა დონბასის ძალით დაბრუნებისთვის მზადებაში დაადანაშაულა. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ თურქული დრონების განლაგებამ, შესაძლოა, რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

უკრაინის მიერ თურქული დრონების გამოყენებას მოჰყვა გერმანიისა და საფრანგეთის ოფიციალური პირების შეშფოთებაც და მათ დეესკალაციის მოწოდება გააკეთეს. თუმცა საპასუხოდ უკრაინამ თქვა, რომ მათი ქვეყანა თავდაცვის უფლებას იყენებდა, რადგან მათ სამხედროებს სეპარატისტებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

"როდესაც უკრაინული არმია გრძნობს, რომ საკუთარი მიწის დაცვა სჭირდება, ის ასეც იქცევა. და ის მომავალშიც ამ პრინციპის შესაბამისად იმოქმედებს. ჩვენ თავდასხმას არ ვიწყებთ, მხოლოდ პასუხს ვცემთ", – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 ოქტომბერს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, რუსეთი უკრაინაზე ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და კიევი დონბასის ძალით დაბრუნებისთვის არ ემზადება. მან, ასევე, ხაზი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზაპად 2021-ის შემდეგ რუსეთმა რეგიონში ჯარის და შეიარაღების ნაწილი დატოვა.

პარასკევს, 29 ოქტომბერს პრორუსულმა სეპარატისტულმა ძალებმა უკრაინის სამხედროების საწინააღმდეგოდ გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და გამოიყენეს დრონები, რასაც კიევში მყოფმა აშშ-ს საელჩომ 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირდაპირი დარღვევა უწოდა. 

"რუსეთის ოფიციალური რიტორიკა, რომ უკრაინა სიტუაციას ძაბავს არა მხოლოდ დამაბნეველია, არამედ ემსახურება დაძაბულობის გამწვავებას", – ნათქვამი იყო აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები