მიხეილ სააკაშვილი

"თქვენ შეგიძლიათ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა" – ლიზა ბათიაშვილი ზურაბიშვილს

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს. ბათიაშვილი წერს, რომ ზურაბიშვილს შეუძლია სიტუაციის განმუხტვა და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. წერილს სრულად გთავაზობთ:

"მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო.

ჩვენ შევხვედრილვართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ღია წერილით მომემართა. დაუჯერებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად არ ეძლეოდეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება? არ შეეძლოს ისარგებლოს ყველაზე ელემენტარული უფლებებით, თუნდაც როგორიც არის სატელეფონო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ეზღუდებოდეს შვილებისა და დედის ხმის გაგონება. და რაც მთავარია, განა შეიძლება მას წართმეული ჰქონდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება? იმყოფებოდეს, უკიდურესად შეურაცხმყოფელ გარემოში, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით იქნა გადაყვანილი.

მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგების, ქართველი ხელოვანების მიმართვას და გითხრათ, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ განმუხტოთ ვითარება, წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკიდურეს განსაცდელში გრძნობს თავს და სასოწარკვეთილია.

ვემიჯნები ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ერთადერთი – წარმოვადგენდე ჰუმანურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც არ იმეტებენ და არ კლავენ (უკვე მეორედ) ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტებს. მინდა წარმოვადგენდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხალხის ქვეყანას, რომელიც თავისი ნებით კი არ ექცევა ოკუპანტის კლანჭებში, არამედ ამაყობს თავისი უნიკალურობითა და თავგანწირული ხალხის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობით.

დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად შესაძლოა თქვენ გაგიჭირდეთ მშვიდი ძილი და განვითარებული დრამა გაგყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან თქვენ დღეს შეგიძლიათ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამ გაურკვეველი, მოჯადოებული წრის გარღვევა.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება – გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და გადაარჩიენთ მისი სიცოცხლე!

გადაარჩინეთ ჩვენი ისტორია!

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება ქვეყანაში, სადაც თავის ხალხს აყურებინებენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი სცენაზე და როგორ უნდა იპოვოს საკუთარ თავში დაკვრის ძალა".

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

კომენტარები