მიხეილ სააკაშვილი

სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან/პენიტენციური სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. უწყება აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება კატეგორიულად მიუღებელია. 

განცხადების თანახმად, ინსპექტორის სამსახურმა კადრების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

საქართველოს ინსპექტორის სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს შეწყვიტონ საქართველოს ექსპრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება.

"პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას". წერია განცხადებაში. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 42 დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილის პროცესი 29 ნოემბერს გაგრძელდება

 ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის არა უბრალოდ შერჩევითი სამართალი, არამედ პოლიტიკური შურისძიება. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კი დაჟინებით მოუწოდებს მთავრობას, მოექცეს ექსპრეზიდენტს სამართლაინად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

კომენტარები