მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სუს: ხელისუფლების დამხობას სააკაშვილი გეგმავს, ოპოზიციურ ლიდერებს დირექტივებს აძლევს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით პროვოკაციულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და ოპოზიციურ ლიდერებს დირექტივებს აძლევს.

უწყების თქმით, 6 ნოემბრიდან დაგეგმილი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას.

"სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციისა და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აქციაში დაგეგმილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა. ასევე, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც.

აღნიშნული ქმედებები, რომელთა მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, იგეგმება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მის სანახავად შესულ პირთა მეშვეობით, აძლევს დირექტივებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს." – ნათქვამია განცხადებაში.

6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად ოპოზიცია რუსთავის ციხესთან შეკრებას და იქ დარჩენას გეგმავს იქამდე, სანამ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები