მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: მდგომარეობა მძიმდება, სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფოდაა გადასაყვანი

UNIAN

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფოდ არის გადასაყვანი. 

"სასწრაფოდ არის მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც ის შეძლებს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას. ყოველდღე შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და ეს უკვე ანალიზებმა აჩვენა, რომ დღითიდღე მძიმდება. აქედან გამომდინარე, მივმართავ ხელისუფლებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში. 

მიხეილ სააკაშვილი არ ითხოვს რაიმე პრივილეგიებს, განსაკუთრებულ მოპყრობას და დამოკიდებულებას. პრაქტიკაშია, რომ როდესაც ესაჭიროება დაკავებულ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია, სტანდარტულ შემთხვევაში, გადაჰყავთ კლინიკაში". - ამბობს გიორგი გელხაური. 

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 35-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.    

3 ოქტომბრეს მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა და თქვა, რომ ის კიდევ უფრო დასუსტებულია და ტესტების პასუხიც გაუარესდა. თუმცა, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. 

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. 

კომენტარები