მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

UNIAN

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და მედპერსონალი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს. უწყების ცნობით, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

"განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კლინიკა ვივამედიდან ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი. 

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ. პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან". - წერია განცხადებაში. 

2 ნოემბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ტესტების გაკეთებას დათანხმდა.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 34-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს და შეწყვეტაზე უარს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.   

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მკურნალობას ციხის საავადმყოფოში არ გააგრძელებს, თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და არა კერძოში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

კომენტარები