ქართული ოცნება 2021

"გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია" – წილოსანი გენდერული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

გენდერული საბჭოს თავმჯდომარე უმრავლესობიდან ნინო წილოსანი ამბობს, რომ სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე გენდერულმა საბჭომ იმსჯელა და დაადგინა, რომ ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია. წილოსანის კომენტარს Interpressnews ავრცელებს. 

"თითოეული და ინდივიდუალური შემთხვევა საჭიროებს უფრო მეტ სიღრმისეულ განხილვას და ეს ვერ იქნება განხილული მხოლოდ გენდერული ჭრილით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამოგვევლინა თითოეულ ამ შემთხვევაში იყო თუ არა გენდერულად, სპეციალურად ქალის მიმართ მიმართული დისკრიმინაცია. საბჭომ იმსჯელა ამ თემაზე, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან და ჩვენ დავადგინეთ, რომ მიზანმიმართულად ქალის მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. თუმცა, მე ვისურვებდი, თითოეულ შემთხვევაში პარლამენტის ნებისმიერი წევრი, ეს იქნება ჩემი კოლეგა მმართველი გუნდიდან, თუ განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან აგრესიით, პატივი სცენ ჩვენი საზოგადოების განვითარების მნიშვნელობას და იმ მაგალითს ნუ მისცემენ პარლამენტში, რომელიც შემდგომ არ უნდათ საზოგადოებამ გადააკოპიროს". - ამბობს წილოსანი. 

მისივე თქმით, გენდერულ საბჭოს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება ამ საკითხის განხილვა, თუმცა, რადგან ინციდენტის მონაწილე მხარე ქალი იყო, მიზანშეწონილად ჩათვალა ემსჯელა საკითხზე.

18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

კომენტარები