ქართული ოცნება 2021

ოცნება: კალაძის შესახებ ქარტიის განცხადება სამარცხვინო ცილისწამებაა, ხელს უწყობს შუღლს

ქართული ოცნება ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებას, რომლითაც ორგანიზაციამ დაგმო თბილისის მერის, კახა კალაძის 20 ივლისის გამოსვლა, სადაც მან მედიის საქმიანობისგან გამოწვეული "ფსიქოლოგიური ძალადობა" 5 ივლისის ფიზიკურ ძალადობას შეადარა

ქართული ოცნების განცხადებით, ქარტიის განცხადება "სამარცხვინო ცილისწამება და ფაქტების დამახინჯებაა". მმართველი გუნდი ქარტიას მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება "დაუსაბუთებელ ბრალდებებთან დაკავშირებით" და ასევე ურჩევენ, წინასაარჩევნო გარემოში სიფრთხილით მოეკიდონ თბილისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებულ შეფასებებს.

"განვმარტავთ, რომ 20 ივლისის გამოსვლაში კახა კალაძემ ისაუბრა ძალადობის ფორმებზე და აღნიშნა, რომ ფიზიკურ ძალადობაზე "არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი აქვს ჩვენ საზოგადოებაში". 

აქვე, კახა კალაძის თქმით, ეს საზოგადოებრივი პრობლემა აისახება ტელეეთერებშიც. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ "ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა ნიშნის გამო".

ცალსახაა, რომ ქარტიის განცხადება ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას და წარმოადგენს ცილისწამებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამავე განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება მედიის მიმართ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკისა და დამოკიდებულების გამო.

მოვითხოვთ განმარტებას, რის საფუძველზე ამოიკითხა ორგანიზაციამ აგრესიული რიტორიკა კახა კალაძის მიერ 20 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში?

ციტატა გამოსვლიდან: "როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ჩემი, თქვენი და ყველას სურვილი უნდა იყოს ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა".

იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მხრიდან გამოთქმული არცერთი ბრალდება არ დასტურდება ფაქტებით, მოვუწოდებთ ქარტიას, გააკეთოს განმარტება დაუსაბუთებელ ბრალდებებზე. ასევე, ვურჩევთ, გაითვალისწინონ წინასაარჩევნო გარემო და სიფრთხილით მოეკიდონ ნებისმიერ კანდიდატთან დაკავშირებით გამოთქმულ შეფასებებს, ვინაიდან ყოველი მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს დემოკრატიულ პროცესებს.

მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდება უარყოფითად აისახება არამარტო საარჩევნო პროცესზე, არამედ ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და შუღლის დათესვას". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები