ქართული ოცნება 2021

წილოსანი: პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირება აღიქმება ძალადობრივ აქტად, ეს პროვოკაციაა

ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის თქმით, გუშინ, 16 ივლისს, ოპოზიციონერების მიერ პარლამენტის ტრიბუნის ბლოკირება ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად და ის ამას პროვოკაციად მიიჩნევს "დაპირისპირებების წარმოშობისთვის".

"ის, რაც პარლამენტში ბოლო პერიოდში ხდება და ზოგადად არაერთხელ გვინახავს, ყველაზე ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. ინსტიტუცია, რომელიც კანონებს და მათ შორის ანტიძალადობრივ რეგულაციებს აწესებს, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფების ძალისხმევით თავად ხდება ხოლმე ამგვარი ქმედების ადგილი. პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის, გუშინ კი ტრიბუნის ბლოკირება, ბუნებრივად აღიქმება ძალადობრივ აქტად, რომელიც თავის თავში გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური მიზნის ასრულების მცდელობას, ეს არის პროვოკაცია დაპირისპირებების წარმოშობისთვის". – წერს წილოსანი.

დეპუტატი ასევე წერს, რომ პარლამენტარებს შორის ფიზიკური დაპირისპირებების ყურება, მათ შორის ქალები მონაწილეობით, მძიმე საყურებელია.

"პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალების მონაწილეობით, ძალიან მძიმე საყურებელია. თუმცა, სწორედ ეს არის პროვოკატორთა ამოცანა. პარლამენტის წევრის ქცევის კოდექსი ჩვენი გუნდის მიერ დანერგილი ინსტრუმენტია, თუმცა არც ამ პრინციპს, არც რეგლამენტის, არც კანონების დათქმებს, არ იცავენ ოპოზიციონერი კოლეგები და განუწყვეტლივ უქმნიან საფრთხეს ქვეყნის ინსტიტუციების რეპუტაციას და სტაბილურობას. ვისურვებდი, რომ ჩემი ქალი კოლეგები არ ერთვებოდნენ ამ დესტრუქციულ პროცესში. ასევე, ვისურვებდი, რომ დეპუტატების ფიზიკური ხელშეუხებლობა,  განსაკუთრებით კი ქალების, იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ქალები ისედაც დიდი ბარიერების  წინაშე დგანან  პოლიტიკაში თავის დასამკვიდრებლად.

იმედი მაქვს, რომ ცივილურობის იმ დონემდეც  მივა პოლიტიკური გარემო საქართველოში და ჩვენს საზოგადოებას არ მოუწევს ამ უმსგავსობების ყურება". – წერს ის.

გუშინ, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

კომენტარები