არჩევნები 2021

მედიაკოალიცია: მედია II ტურის გაშუქებისას თითქმის ყველა ოლქში აგრესიულ გარემოში მუშაობდა

არჩევნები
ტაბულა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ 2021 წლის 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას ჟურნალისტებს და ოპერატორებს რიგ შემთხვევებში არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ პროფესიული მოვალეობა. ისინი თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში მუშაობდნენ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის ან/და თავდასხმის მაღალი რისკის შემცველ აგრესიულ გარემოში, სამართალდამცველები კი ვერ უზრუნველყოფდნენ მათი ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას და ხელშემშლელი გარემოებების ეფექტურ აღმოფხვრას.

"საარჩევნო დღის დასაწყისშივე, მაღალი თანამდებობის პირები ტრადიციულად გამოხატავდნენ უარყოფით დამოკიდებულებას და უხეშად ესაუბრებოდნენ ჟურნალისტებს თავიანთ საჯარო გამოსვლებში. მაგალითად, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციურად განწყობილი მაუწყებლის მთავარი არხის ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა. "ნაციონალური მოძრაობის ზონდერად" მოიხსენია ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი პარლამენტის წევრმა დაჩი ბერაიამ.

მაღალი თანამდებობის პირების აგრესია კვლავაც მყისიერად აისახა მმართველი პარტიის მხარდამჭერთა ქცევაზე. კენჭისყრის დღეს მედიის წარმომადგენლები თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ქართული ოცნების კოორდინატორები საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ჟურნალისტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ისინი ჟურნალისტებს "აქტივისტებს", "ზონდერებს", "დეზინფორმატორებსა" და "ოპოზიციის წარმომადგენლებს" უწოდებდნენ". – ნათქვამია მედიაკოალიციის შეფასებაში.

კოალიციის ცნობით, მედიის წარმომადგენლების შევიწროება ხდებოდა, როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ზოგიერთი ინციდენტისას ე.წ. კოორდინატორები ცდილობდნენ დაეფარათ მათი ვინაობა და ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლის ფაქტები, ზოგჯერ საარჩევნო კომისიის წევრები ავლენდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების არასაკმარის ცოდნას.

საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტების ჩამონათვალი იხილეთ მედიაკოალიციის შეფასებაში.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებებმა მიიღონ ზომები ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტების შესამცირებლად. ამასთან  მოხდეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტების სწრაფი და ეფექტური გამოძიება". – აცხადებს მედიაკოალიცია.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას გააკეთოს ღია განცხადებები თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად. 

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პრემიერმინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატონ მოსაზრებები ჟურნალისტებისა და ოპერატორების უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეაფასოს საუბნო და საოლქო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ქცევის წესების შესრულების ხარისხი და მიიღოს სათანადო ზომები საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით". – ნათქვამია შეფასებაში.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. 6 ნოემბერს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები