მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეგნანი: ჩვენ ძალიან გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა". – ასე პასუხობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასმულ კითხვას.

"როცა საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანია კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობა. მოხარული ვარ, რომ არსებობს მულტისდისციპლინური ჯგუფი, რომელიც აკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამას ჩვენც ახლოდან ვაკვირდებით". – ამბობს კელი დეგნანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები