მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, შემოწმებაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებულ შემოწმებასა და მკურნალობაზე უარს ამბობს. სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა წაუკითხა. 

"მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება

ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება".- აცხადებს სააკაშვილი. 

სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, შეხვედრის ოთახში უწყებამ ადვოკატებსა და სააკაშვილს შორის შუშის ბარიერი მთლიანად ამოაშენა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები