მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელებაზე: ხალხს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია

ირაკლი კობახიძე
ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობს.

 

"საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა დეტალთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება მოხდა მათთვის, ვინც არიან ჩართულები ამ სამართლებრივ პროცესში, ეს არის ძალიან მარტივი საკითხი". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სამთავრობო  არხმა, ტელეკომპანია იმედმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. ამავე მედიის მიერ ჩანაწერისთვის წამძღვარებული კონტექსტით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, არის გატაცების სცენარიც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.


სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. 7 ოქტომბერს რუსთავის ციხეში პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი იმყოფებოდა - სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მანაც მოუწოდა, თუმცა ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს. როგორც ის წერს, "შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა". ადვოკატის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი - "ავადმყოფური ფერი აქვს, მოტორიკა შენელებულია, უჭირს გადაადგილება". სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ ოქტომბერს ქართული ოცნების წევრები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არ იყო შემოსული, ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში 1-ელ ოქტომბრამდე ჩამოვიდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე ენმ-მ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის.  

ევროპარლამენტარის, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით კი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილისთვის მუხლების დამატებაზე ცხადყოფს, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური მოტივებით ხდება და, მისივე სიტყვებით, პოლიტიკურ სამართალს ის ქვეყნები იყენებენ, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმის გამო საქართველოს კარგი იმიჯი არ შეექმნება და, მისივე შეფასებით, სიტუაცია "გულდასაწყვეტია". კრამერს სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად ეჩვენება და ამბობს, რომ მას უკრაინაში დაბრუნების უფლება უნდა მისცენ.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება". უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილზე მათი გადაწყვეტილება მხოლოდ ექსტრადაცია არ იყოს.

კომენტარები