მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე პოლიტიკოსების წერილზე: ვინც ხელს აწერს, სააკაშვილის დანაშაულის თანამონაწილეა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი, ვინც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წერილს ხელს აწერს, მისი დანაშაულის თანამონაწილეა.

"ვინც აწერს ხელს ასეთ წერილს, ის ხდება დანაშაულის გარკვეულწილად თანამონაწილე, რომელიც მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინაშე. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ეს არ არის ის, რასაც ჰქვია ევროპული ღირებულებები. მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ ევროპული ღირებულებების შესაბამისად. მიხეილ სააკაშვილს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან". – თქვა კობახიძემ.

მისივე მტკიცებით, წერილს ხელს მხოლოდ 1 ევროპარლამენტარი აწერს, თუმცა მას 26 ევროპარლამენტარი უერთდება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის დაკავების შემდეგ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს", თორემ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები