არჩევნები 2021

პრემიერი სააკაშვილზე: წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს, სხვებსაც მივაყოლებთ

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ" - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას შემდეგ, რაც TV იმედის წამყვანმა მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა. ექსპრეზიდენტმა ციხიდან ნიკა მელიას მიმართა და მეორე ტურში გადასვლა მიულოცა.

"მინდა მოგილოცო შენც და თბილისელ ამომრჩევლებსაც, რომ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ, ამას არც მტერი და არც მოყვარე მოელოდა. ახლა ყველა ქალაქში, სადაც მეორე ტურია და ესაა ჩვენი საამაყო ქართული ყველა დიდი ქალაქი, აღარ უნდა მოვეშვათ 2018 წლის მეორე ტურის მსგავსად და, პირიქით, მუდმივ და ბევრად უფრო ძლიერ შეტევაზე უნდა წავიდეთ. განსაკუთრებული მილოცვა მამაშენს" - წერს სააკაშვილი.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა".

კომენტარები