ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა და მას კონკრეტული განაჩენი აქვს გამოტანილი. მდინარაძე ასე გამოეხმაურა ევროპული ქვეყნების და საქართველოს პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო პირების საერთო წერილის, რომელშიც სააკაშვილის გათავისუფლებაა მოთხოვნილი.
"სამართლიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა ეს ადამიანი, დაუსწრებლად, მაგრამ მაინც, და მის მიმართ კონკრეტული განაჩენებია. ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც [..] წერია, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე მსჯავრდებულია მიხეილ სააკაშვილი, რომ სტრასბურგის სასამართლო, გაოგნდა, იმ სისტემური დანაშაულით, რომლის სათავეშიც მიხეილ სააკაშვილი იყო და ამისთვის იხდის სასჯელს." - თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის განაჩენის გასაჩვირების შემდეგადც, დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო იმავე იტყვის.
"სტრასბურგის სასამართლო ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ იტყვის იგივეს, არ შეიძლება იმ სისტემის ხელმძღვანელის მიმართ სხვანაირი განაჩენი გამოვიდეს, რომელმაც ბოროტებაზე დააფუძნა სახელმწიფო მმართველობა." - თქვა მდინარაძემ.
საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსები და სამოქალაქო პირები ევროპული საბჭოს, ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს წერილით მიმართავენ და ითხვენ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შეწყდეს, სანამ მისთვის წაყენებულ ბრალდებებს სამართლიანი სასამართლო არ განიხილავს. წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს, მათ შორის ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვლადის ზალტერსი და უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდტი. ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რასა იუნკევიჩიენე და სხვები. ასევე სხვა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები და ყოფილი ქართველი მინისტრები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.





