არჩევნები 2021

ბოკერია: II ტურში ოპოზიციის წარმატება ქართულ ოცნებაზე საგარეო წნეხის გაზრდის შესაძლებლობაა

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა  საქართველოს და ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსების და სამოქალაქო პირების წერილს სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ბოკერიას თქმით, ქართული ოცნებისთვის რთული იქნება იმ წნეხის გაძლება, რაც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო შეიქმნა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმატება ქართულ ოცნებაზე წნეხის კიდევ უფრო გაზრდის შანსია.

"ეს ერთი განცხადება არის ნაწილი იმ პრობლემის, რაც ელის ივანიშვილს ყველაფრისთვის. ერთია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, როგორც პოლიტპატიმარი ციხეში გყავს, მაშინ, როდესაც პოლიტიკურ დევნაზე იარლიყი უკვე აწეპებული გაქვს და მეორეა, არჩევნების მეორე ტურებში წარმატება, რომელიც არის შესაძლებლობა, საერთაშორისო წნეხის გაზრდის. ყოველთვის, საერთაშორისო ურთიერთობებში ადგილზე ძალის დემონსტრირება არის ფაქტორი. ძალისხმევა ადგილზე უნდა იყოს მიმართული მეორე ტურებში იმ შანსის გამოყენებისთვის, რაც გვაქვს". – თქვა ბოკერიამ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები