მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუკნევიჩიენე: თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ისაუბრა. იუკნევიჩიენეს თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დაბრუნებულიყო საქართველოში კმაყოფილი არ ყოფილა, თუმცა გაილებით უარესია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები.

"კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე" – ამბობს იუკნევიჩიენე.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-16 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები