მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც უერთდება

დეკანოზი თამაზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას დეკანოზი თამაზ ლომიძეც უერთდება. ამის შესახებ დეკანოზი FACEBOOK-ზე წერს. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს  პოლიტიკურად დევნიან და ხელისუფლების განცხადებები ამას ადასტურებს.  დეკანოზი ამბობს რომ ქვეყანაში პრეზიდენტების დევნა უნდა დასრულდეს. 

"როგორც ერთი რიგითი ქართველი ვუერთდები პეტიციას:

თავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს!

რატომ?

1) რაც მან 2003 წლის შემდეგ მოახერხა 90-იანებში გაძარცვულ-გაუბედურებული და ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, განუზომლად მეტია იმაზე, რასაც მას დღეს ედავებით.

2) მისი დევნა ცალსახად პოლიტიკურია და დღევანდელი ხელისუფლების გამონათქვამები ადასტურებს ამას: “ჭკვიანად იყოს, თორემ დავუმატებთ”, “რომ წასულიყო პოლიტიკიდან, არ დავიჭერდით” და ამასვე ადასტურებს მისი დაკავება მხოლოდ საქართველოში შემოსვლის შემდეგ.

3) მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავარი მტერი და დამაქცევარი, რუსეთი ხარობს მისი დაკავებით, ადასტურებს, რომ არ უნდა იჯდეს საქართველოს პრეზიდენტი ქართველების ხელით ციხეში.

4) საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ყოფილი პრეზიდენტების დევნა და მკვლელობა. ეს ვნებს და ანადგურებს ქვეყნის წინსვლას და მომავალს. გაიხსენეთ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ის პროპაგანდისტული ტყუილების ზღვა, რითაც იგი შეაძულეს ხალხს, შედეგად განდევნეს და მოკლეს. ამ პროპაგანდისტული ტყუილების და ჭორების გავრცელებაში დიდოსტატია ჩვენი მტერი და კიდევ ერთხელ ნუ გააბრიყვებინებთ თავს.

გაათავისუფლეთ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!".- წერს დეკანოზი. 

დეკანოზი თამაზი პირველი სასულიერო პირი არაა, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელს აწერენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.


1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობა "კანონმდებლობის, ადამიანის საერთაშორისო უფლებების და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად". საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით კი "სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული სასამართლო სისტემისთვის" და პროცესს დააკვირდებიან. შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი წერს, რომ პოლიტიკური სასამართლო ევროპაში მიუღებელია და სააკაშვილის მიმართ ნებისმიერი ბრალდება სამართლიან სასამართლოზე უნდა იყოს განხილული.  

ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენეს შეფასებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ სააკაშვილსი წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. ევროპარლამენტარი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ სააკაშვილს სხვა მუხლებსაც დაუმატებენ, თუ "წესიერად არ მოიქცევა".  ქართულ ოცნებას ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუშტრევიჩიუსიც - მისი შეფასებით, სააკაშვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზებას კიდევ უფრო ზრდის. 

სააკაშვილის დაკავების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინული უწყებები მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთვის იმუშავებენ - "როგორც პრეზიდენტი, ვმუშაობ მოქალაქეების დაბრუნებაზე, ეს სააკაშვილსაც ეხება".

კომენტარები