მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: სააკაშვილს დაწყებული აქვს პროდუქტების მიღება – თაფლის და ნატურალური წვენის

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, ნიკა ცხვარაშვილი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკვები პროდუქტების მიღება დაიწყო - მათ შორის, თაფლისა და ნატურალური წვენის. პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილმა 7 ქილა თაფლი შეიძინა.

"დაახლოებით, ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის, თაფლზე შემიძლია ვთქვა, და ასევე, ნატურალური წვენის, რაც, ფაქტობრივად, ცხადყოფს იმას, რომ, ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე". - ამბობს ის რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს. დღეს, 8 ოქტომბერს სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა, ექსპრეზიდენტი წერდა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

"სამწუხაროდ, შიმშილობა არის ჩემი ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა. ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს, არაფერს ვაკეთებ". - მიმართავდა მიხეილ სააკაშვილი მამას, ნიკა სააკაშვილს, რომელმაც მას შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.  

7 ოქტომბერს პატრიარქის კურთხევით ექსპრეზიდენტი მისმა მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა, "გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება". თუმცა, მიქაელ ბოტკოველმა თავად თქვა, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა. 

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები