ავღანეთი

ავღანეთში შიიტურ მეჩეთზე მოწყობილ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-K-მ აიღო

ISIS-K-ს წევრები საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, 2015 წელი

ავღანეთში, ქალაქ კუნდუზში შიიტურ მეჩეთში ლოცვის დროს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

შემთხვევას ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ეს 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ ავღანეთში ყველაზე სისხლისმღვრელი ტერაქტი იყო. 

კუნდუზის პროვინციის პოლიციის მეთაურის მოადგილის, დოსტ მუჰამედ ობაიდას თქმით, ტერაქტს, მინიმუმ, 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ან დაშავდა. მისი თქმით მათი უმეტესობა გარდაიცვალა. ობაიდა შიიტებს პირდება, რომ თალიბანი მათ უსაფრთხოებას დაიცავს და დაამატა, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

ავღანური მედიის ცნობით, ტერაქტს ემსხვერპლა 46 ადამიანი, 140-ზე მეტი კი დაიჭრა. 

ISIS-K-მ ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღება სოციალური ქსელი Telegram-ის არხზე გამოაცხადა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ეს ISIS-K-ს მიერ მეჩეთში მოწყობილი მეორე ტერაქტია. დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა აიღო ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში, 3 ოქტომბერს მოწყობილ ტერაქტზე. ამ შემთხვევის შემდეგ თალიბანი თავს დაესხა ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციის ქაბულში აქტიურ ჯგუფს და მათივე ცნობით, ყველა მათგანი მოკლეს.

26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში ISIS-K-ს მიერ მოწყობილ ტერაქტს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი. თალიბანი აცხადებს, რომ პანჯშირის ხეობა დაიკავა, თუმცა ამას უარყოფენ წინააღმდეგობის წევრები. აჰმად მასუდმა მთელ ავღანეთს ეროვნული წინააღმდეგობის დაწყებისკენ მოუწოდა.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა ახალი მთავრობა 7 სექტემბერს დაამტკიცა. თალიბანის მმართველობის ქვეშ, ავღანეთს მოლა ჰასან ახუნდი გაუძღვება. მისი მაოდგილე იქნება დაჯგუფების თანადამაარსებელი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები